ოპოზიცია ბოიკოტზე უარის სანაცვლოდ უმრავლესობას ულტიმატუმს წაუყენებს

საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქციებს შორის მიმდინარეობს ორმხრივი კონსულტაციები იმ ულტიმატუმის თაობაზე, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტის შეწყვეტის სანაცვლოდ  უახლოეს დღეებში საპარლამენტო უმრავლესობას შესთავაზებს. თუმცა უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენაზე საუბარს აზრი არ აქვს.


სავარაუდოდ, ოპოზიცია მოითხოვს ქვეყანაში შეწყდეს ძალადობა, შერჩევითი მართლმსაჯულება და აღდგეს თამაშის ნორმალური წესები. კონკრეტულად კი ოპოზიცია ალბათ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენებისა და ქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნას დააყენებს. თუმცა ოპოზიციის მოთხოვნებისთვის საბოლოო სახის მიცემაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 


“თუ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს [სამართლიანი არჩევნების გარანტიებთან დაკავშირებით] საზოგადოებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ, ჩვენ ბუნებრივია შევწყვეტთ ბოიკოტს“, – განაცხადა 4 აპრილს კოკა გუნცაძემ.


“ულტიმატუმების ენით საუბარს არანაირი აზრი არა აქვს. ჩვენ ვიქნებით მოხარულები, თუ საპარლამენტო ოპოზიცია დაუბრუნდება საპარლამენტო ცხოვრებას და პირველ რიგში, ალბათ, მათი ამომრჩევლები იქნებიან მოხარულები, მაგრამ მათ აქვთ არჩევანის უფლება და შეუძლიათ არ დაესწრონ სხდომებს“, – განაცხადა დღეს ოპოზიციის მოსალოდნელი ულტიმატუმების საპასუხოდ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ. 


ჯერ–ჯერობით კონსულტაციების საგანს წარმოადგენს ასევე ფორმები იმ ბოიკოტისა,  რომელიც ოპოზიციურმა ფრაქციებმა  დემოკრატიულმა ფრონტმა, ახალმა მემარჯვენეებმა და მრეწველებმა რესპუბლიკური პარტიის წევრისთვის,  ვალერი გელაშვილისთვის  31 მარტს უფლებამოსილების  შეწყვეტის გამო გამოაცხადეს.


“რაც არ უნდა ეცადნონ ბოკერიები და ძმანნი მისნი გახლიჩონ ოპოზიციის ერთობა, რომელიც გაუსაძლისი ზეწოლის პირობებში პარასკევს [ბოიკოტის გამოცხადები დღეს] ჩამოყალიბდა, მათ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ“, – განაცხადა დღეს მრეწველების ერთ–ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა. 


თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციიური ფრაქციების კონსულტაციები ორმხრივ რეჟიმში იმის გამო მიმდინარეობს, რომ ახალმა მემარჯვენეებმა ყოფილ პოლიტიკურ პარტნიორებთან, მრეწველებთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და მათ შორის შუამავლის როლს დემოკრატიული ფრონტი ასრულებს.


ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრისა და კონსტრუქციული დიალოგისაკენ. მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემელაძემ უკვე გამოთქვა სურვილი შეხვდეს ნინო ბურჯანაძეს.


თუმცა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებენ და მასთან შეხვედრაში აზრს ვერ ხედავენ.


“პარლამენტის თავმჯდომარეზე მიმართვას აზრის არ აქვს, რადგან ამ პარლამენტის თავმჯდომარე რეალურად არის პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც როგორც დაუქნევს ხელს ისე აკეთებს ყველაფერს პარლამენტის თავმჯდომარე … მის [ნინო ბურჯანაძის] კისერზე არის ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან გაგდება იმიტომ, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე თავისი კოლეგა გააძევა… მე მიმტკიცდება ეჭვი, რომ სააკაშვილი მას მუდმივად აშანტაჟებს  იმითი, რომ აშინებს ხან მეუღლის, ხან მამის დაჭერით“, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა.


ამ განცხადებას ჯერ–ჯერობით პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის მეუღლეც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეა, არ გამოხმაურებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version