ოქრუაშვილი სამხედრო საკითხებზე მოსკოვთან თბილისის კომპრომისებზე საუბრობს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიესალმა საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო ბაზებისა და სხვა რუსული ობიექტების 2008 წლის ბოლომდე გაყვანისა და სამხედრო ტრანზიტის შესახებ დღეს გაფორმებულ შეთანხმებებს და ხაზი გაუსვა იმ კომპრომისებს, რომელზეც ქართული მხარე წავიდა.


“ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო მხოლოდ და მხოლოდ [ბაზების გაყვანის]ვადა ანუ სამი წელი მაშინ, როცა რეალურად ამ ბაზების გაყვანას არ ჭირდება ამხელა დრო, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მათი მხრიდან წარმოდგენილი არგუმენტები“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ “ამ სამი წლის განმავლობაში, როცა რუსეთის სამხედრო ბაზები გაყვანის რეჟიმში იქნებიან, მათ მოუწევთ, დაახლოებით იგივე რაოდენობის ღვინის მოხმარება, რაც ჩვენს ქართულ კომპანიებს რუსეთის ბაზარზე უნდა გაეყიდათ“.


მინისტრის განცხადებით, რუსული მხარე სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს რუსეთის სამხედრო ძალების შტაბს თბილისში, “იმისათვის, რომ ეს პროცესი მართონ და ორგანიზება მოახდინონ“.


გარდა ამისა, ოქრუაშვილის განცხადებით, ერთობლივი გამოყენება მოხდება კოჯორში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების, რომელიც “ფაქტობრივად გადმოეცა ქართულ მხარეს“ და ასევე გონიოს პოლიგონის, რათა შეეწყოს ხელი გაყვანის პროცესს “და არა სასროლეთის მოსაწყობად“.


ოქრუაშვილის განცხადებით, “გარკვეულწილად“ ქართული მხარის კომპრომისი იყო სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ შეთანხმებაზე თანხმობა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს საქართველოს გავლით დაუკავშირდეს გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზას სომხეთში.


“სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების ტრანზიტი შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო აზერბაიჯანიდან, ასევე თურქეთიდან და ბუნებრივია, რომ  ერთადერთი გზა რჩებოდათ მათ საქართველოს მეშვეობით… თუმცა, ბუნებრივია, ჩვენ არ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაიმე ისეთი სახის ტვირთი შეიძლება იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული, რომელმაც შეიძლება რეგიონში გარკვეული საფრთხე შექმნას“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

Exit mobile version