ბიზნესმენმა და ტელეკომპანია “იმედის“ დამფუძნებელმა ბადრი პატარკაციშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზეწოლა გააძლიერა მის ტელევიზიაზე და სხვა ბიზნესმენებზე მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “იმედმა“ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის დეტალები გააშუქა, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გარშემო სკანდალი გამოიწვია.
“საიდუმლო არ არის, რომ სანდრო გირგვლიანის თემა პირველად ტელეკომპანია “იმედმა“ გააჟღერა. პირადად მე, და არა რომელიმე ჟურნალისტი, ვარ პასუხისმგებელი ამ სიმართლის [რომელიც 12 თებერვალს გავიდა ეთერში]. ზუსტად ეს გახდა ხელისუფლების უკმაყოფილების მიზეზი და ამის გამო ძალოვანი და საფინანსო სტრუქტურები აქტიურად სწავლობენ ჩემს კომპანიებს, რათა შექმნან მოტივაცია, რომ განვახორციელო ზეწოლა იმედის ჟურნალისტებზე და ხელი შეუწყო ხელისუფლებისათვის სასურველი სურათის შექმნას“, – განაცხადა ბადრი პატარკაციშვილმა.
იგი საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით, რომლის თავმჯდომარეც თავად არის.
პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ იგი არასოდეს არ დაემორჩილება ხელისუფლების ამ ზეწოლას.
„თუ ამას დავთანხმდები, მე როგორ გაგისწოროთ ამის შემდეგ თვალი თქვენ, სანდრო გირგვლიანის დედას, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, მის მეგობრებს, იმ საზოგადოებას, რომელიც უკვე კარგა ხანია იმედის თვალით გვიყურებს. ამიტომ, მე კატეგორიულ უარს ვაცხადებ ქართველი ხალხის მოტყუებაზე ჩემი ტელევიზიის ეკრანიდან“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.
“ჩემი ამგვარი პოზიცია ხელისუფლების მიერ შეფასებული იქნა, როგორც შანტაჟი. ავრცელებენ მითს იმის შესახებ, რომ მე ვაწარმოებ მათზე ზეწოლას ტელევიზიის საშუალებით, იმიტომ რომ არ მაძლევენ საშუალებას ვიყიდო ყველა და ყველაფერი. მე მინდა, რომ ხმამაღლა განვაცხადო მე არ ვარ ფულის კეთების სენით შეპყრობილი ადამიანი“, – დასძინა მან.
ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის გავლენიანმა დეპუტატებმა, კერძოდ გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “იმედი“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების “მიკერძოებულ გაშუქებაში“ დაადანაშაულეს.
“ეს არის თქვენი უფლება და ეს არის თქვენი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც თქვენ აირჩიეთ, მაგრამ ჩემი უფლებაა განვაცხადო, რომ ეს გაშუქება არის მიკერძოებული“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “იმედის“ თოქ-შოუში 24 მარტს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება მრავალჯერ დაადანაშაულეს დამოუკიდებელი ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში, პატარკაციშვილის ეს განცხადება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელმა საჯაროდ დაადანაშაულა ხელისუფლება ტელეკომპანიაზე ზეწოლაში.