საქართველო გაეროს აფხაზეთის საკითხის გამჭირვალე განხილვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ელჩმა გაეროში რევაზ ადამიამ რუსეთი 28 მარტს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლის დაბლოკვაში დაადანაშაულა. სხდომზე აფხაზეთის შესახებ დადგენილების ტექსტი განიხილეს.


ნიუ-იორკში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ადამიამ პრეტენზიები გამოთქვა არგენტინის წარმომადგენლის მიმართ, რომელსაც ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობს.


“სამწუხაროდ, უშიშროების საბჭომ ამჯობინა გაემართა ე.წ. “დახურული კონსულტაციები“, არა მარტო საზოგადოების და მედიის დასწრების, არამედ საქართველოს წარმომადგენლის დასწრების გარეშე. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის პროცედურული საკითხი და საბჭოს არც ერთ წევრს არ აქვს უფლება ვეტო დაადოს გადაწყვეტილებას. ჩვეულებრივ, როდესაც ვინმე საბჭოში ეწინააღმდეგება ამა თუ იმ პროცედურულ საკითხს, როგორ განვითარდება მოვლენები დიდად არის დამოკიდებული საბჭოს პრეზიდენტზე. მინდა, მედიის საშუალებით, ვკითხო არგენტინის წარმომადგენელს – როგორ მოეწონებოდათ, მათთვის უარი რომ ეთქვათ დასწრებოდნენ შეხვედრას ფოლკლენდის კუნძულების შესახებ კონფლიქტის დროს ან თუნდაც მის შემდეგ?“, – განაცხადა რევაზ ადამიამ.


მისი თქმით, სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უშიშროების საბჭომ აირჩია აფხაზეთის “კონფლიქტის განხილვის ამგვარი არაგამჭირვალე გზა“.


“კონფლიქტის მოგვარებაში სწორედ იმიტომ არ არის არანაირი პროგრესი, რომ პროცესში არ არსებობს გამჭირვალობა“, – განაცხადა ადამიამ, თან იქვე დასძინა, რომ ამგვარი ტენდენციის უკან რუსეთის პოზიცია დგას.


“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია ბლოკავს საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლას საბჭოს სხდომაზე… სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად ოფიციალურად გაცხადებული მხარდაჭერისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რუსეთი კვლავ უჭერს მხარს სეპარატისტულ რეჟიმებს… სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის ხელისუფლებისთვის მხოლოდ არასასურველი ვალდებულება გახდა“, – დასძინა საქართველოს ელჩმა.

Exit mobile version