რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ რეკომენდაცია მისცა ქვეყნის საბაჟო სამსახურს აკრძალოს საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტი იმ მოტივით, რომ ამ პროდუქციაში დარღვეულია სახელმწიფო სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესები და ნორმები.
რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსის ალექსანდრე ჟერიხოვის სახელზე 25 მარტს გაგზავნილ წერილში ონიშჩენკო აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ “ამ ქვეყნებიდან [საქართველოდან და მოლდოვადან] მარტო მოსკოვში შემოსული ღვინის 60% ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების პირობებზე სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესებით და ნორმებით დადგენილ მოთხოვნებს“.
დღეს საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ქართული ღვინის რუსეთში იმპორზე შესაძლო შეზღუდვებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი რუსეთში ირაკლი ჩუბინიშვილი უკვე ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
“ეს საკითხი ჩვენ მოსკოვში ვიზიტისას [19–21 მარტი] რუს კოლეგებთანაც განვიხილეთ. მათ ადექკატური აღქმა აქვთ, რომ მსგავსი ნაბიჯი პოლიტიკური ხასიათისაა და უფრო გაართულებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს. რუსი კოლეგები ამ საკითხში გარკვევას დაგვპირდნენ“, – განაცხადა 27 მარტს მიხეილ მაჭავარიანმა.