რუსეთი ბლოკავს საქართველოს მონაწილეობას აფხაზეთის საკითხის გაეროში განხილვისას

28 მარტს გამართულ დახურულ სხდომაზე გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა აფხაზეთის შესახებ დადგენილების ტექსტი, თუმცა რუსულმა მხარემ დაბლოკა საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობა განხილვის დროს, განაცხადა დიპლომატიურმა წყარომ ნიუ-იორკში.


საქართველოს ელჩი გაეროში რევაზ ადამია 28 მარტს ამ საკითხთან დაკავშირებით ნიუ-იორკში პრეს-კონფერენციის გამართვას გეგმავს.


31 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო დადგენილების მოკლე ტექსტი, რომელშიც საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ორი თვით, 2006 წლის 31 მარტამდე, გაგრძელდა. წინა დადგენილებების ტექსტები, გარდა მანდატის გაგრძელებისა, ყოველთვის უცხადებდა მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.


ჯერ-ჯერობით უცნობია იქნება თუ არა ახალი დადგენილება 2006 წლის 31 იანვრის დადგენილების ანალოგიური. გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციები დადგენილების ტექსტთან დაკავშირებით 30 მარტამდე გაგრძელდება. ამ დღეს უნდა მოხდეს ტექსტის დამტკიცება უშიშროების საბჭოს სხდომაზე.


გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა 24 მარტს მოუწოდა უშიშროების საბჭოს დამკვირვებელთა მისიის მანდატი ექვსი თვით, 2006 წლის 30 სექტემბრამდე გააგრძელოს.


 

Exit mobile version