პარლამენტმა ოპოზიციის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა

დღეს პარლამენტმა 35 ხმით 13–ის წინააღმდეგ მხარი არ დაუჭირა “ახალი მემარჯვენეების“ მოთხოვნას დეპუტატების მომხსენებელთა ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელსაც 27 მარტს მე–5 საპყრობილეში განვითარებული მოვლენები უნდა შეესწავლა. ამ საკითხის დღის წესრიგში გათვალისწინებას ასევე ითხოვდნენ სხვა ოპოზიციური ფრაქციებიც.


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების“ წევრმა კოკა გუნცაძემ მას შემდეგ რაც მათი წინადადება ჩავარდა, მოითხოვა საპატიმროში შესვლისთვის პერსონალური ნებართვა ადგილზე ვითარების გაცნობის მიზნით.


“არსებობს რეალური საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ იუსტიციის მინისტრის შემოთავაზებულ ვერსიაში. იყო ეს ბუნტი, გაქცევის მცდელობა თუ მასობრივი არეულობა, თუ [ბაჩო] ახალაიას სადიზმის შედეგი, სწორედ ამის გარკვევა გვინდა ჩვენ“, – განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კოკა გუნცაძემ.


გუნცაძის საპატიმროში შესვლაზე ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ უნდა გასცეს.

Exit mobile version