საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 27 მარტს თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარი სისხლიანი ბუნტი ქვეყანაში “ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის გეგმის“ ნაწილი იყო, თუმცა ოპოზიციამ ეს ვერსია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და დამოუკიდებელი საპარლამენტო გამოძიება მოითხოვა.
ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმთან შეტაკების შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა. დაახლოებით, 22 პატიმარი და ორი პოლიციელი დაჭრილია.
იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის განცხადებით, ბუნტი თბილისის მე-5 საპყრობილეში გაქცევის მცდელობით ღამის 2:30 საათზე დაიწყო. მისი თქმით, პოლიციამ ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარა, რაც ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა პატიმრებს დაწყნარებულიყვნენ. ამჟამად, მიმდინარეობს პატიმართა გადაყვანა სხვა საპყრობილეებში, რადგანაც მე-5 საპყრობილის საკნები ორსაათიანი ოპერაციის შედეგად მთლიანად განადგურებულია. გია ქავთარაძის თქმით, არსებობდა ინფორმაცია, რომ ბუნტი იგეგმებოდა.
ამავდროულად, პატიმართა ათობით უკმაყოფილო ნათესავი, რომლებიც ციხის გარეთ ინფორმაციის მიღების მიზნით შეიკრიბნენ, და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფები პოლიციას გადაჭარბებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაპატიმრებული იქნა პატიმართა რამდენიმე ნათესავი.
27 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ციხის ბუნტის აღკვეთით საქართველომ თავიდან აიცილა მასობრივი უწესრიგობების და დესტაბილიზაციის საფრთხე.
მან გაიხსენა 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი გაქცევა თბილისის იმავე ციხიდან და განაცხადა, რომ ამას მოყვა სამოქალაქო ომი და სამხედრო ამბოხება საქართველოს გარდაცვლილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ 1992 წელს.
რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დაგმო პოლიციის ოპერაცია, როგორც სასტიკი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. 27 მარტს პრეს-კონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ “ხელისუფლების ვერსია ციხეში დაგეგმილი ბუნტისა და გაქცევის შესახებ ძალიან საეჭვოა“.
“თუმცა კიდევაც რომ ვირწმუნოთ ეს ვერსია, ეს კიდევ უფრო ამძიმებს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბაჩო ახალაიას პირად პასუხისმგებლობას. იმის ნაცვლად, რომ მათ პრევენცია მოეხდინათ ბუნტისა, მათ პირიქით, თავის ქმედებით ბუნტი გამოიწვიეს და შემდგომ პატიმრები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩახოცეს“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც ამ ინციდენტს გამოიძიებს.
თუმცა, ნინო ბურჯანაძე უკვე მიესალმა პოლიციის ქმედებას და განაცხადა, რომ პოლიციამ “ადექვატური ზომები“ მიიღო ციხიდან გაქცევის აღკვეთის მიზნით, რასაც შესაძლოა ქვეყანაში მასიური დესტაბილიზაცია გამოეწვია.
მან ასევე განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ელექტროგადამცემ ხაზ “კავკასიონზე“ მომხდარი დივერსიული აქტი და ციხის ბუნტი ‘არის ერთიანი ძალიან სერიოზული ჯაჭვის რგოლები“.
“ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. ის, რაც მოხდა წუხელ ციხეში და რაც მოხდა კოდორის ხეობაში, ეს არის ერთიანი ძალიან სერიოზული ჯაჭვის რგოლები და ძალიან სერიოზული შემოტევა მიმართული ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციისაკენ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებიც მიესალმნენ პოლიციის ქმედებებს და განაცხადეს, რომ ციხის ბუნტის აღკვეთით თავიდან იქნა აცილებული დესტაბილიზაცია ქვეყანაში. პოლიციის ქმედებები ასევე მოიწონა “თავისუფლების ინსტიტუტმა“. “ამგვარი ბუნტების აღმოსაფხვრელად უნდა განხორციელდეს ძალიან მკაცრი, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა “თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ 27 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
დეპუტატი ელენე თევდორაძე ერთადერთი პარლამენტარი იყო მმართველი პარტიიდან, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლების რეაქციის ზოგიერთი ასპექტი.
“რატომ ვერ აღკვეთეს, თუ წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ? ვფიქრობ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა – არ ვიცი ზუსტად ვინ, იმათმა ვინც იცოდა წინასწარ – აუცილებლად პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა თევდორაძემ.
იუსტიციის მინისტრმა 27 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფარული კამერით გადაღებული ვიდეოფირი უჩვენა. ფირზე აღბეჭდილია, თუ როგორ აძლევენ პატიმრები მალხაზ ზედელაშვილი და პაატა მამარდაშვილი, რომელთაც იუსტიციის მინისტრმა კრიმინალური ავტორიტეტები უწოდა, მითითებებს კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ზურაბ ვიბლიანს ციხეში ბუნტის მოწყობის შესახებ.
მოგვიანებით გია ქავთარაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია დაგეგმილი ბუნტის შესახებ “ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, თუ ზუსტად რომელ დღეს იგეგემებოდა ის”.
“ჩვენ ეს ინფორმაცია 25 მარტს მივიღეთ და ვემზადებოდით [პრევენციული] ღონისძიებების მისაღებად ორგანიზატორების სხვა ციხეებში გადაყვანის გზით, მაგრამ მათ ბუნტი 26-27 მარტის ღამეს დაიწყეს; მათ დაგვასწრეს“, – განუცხადა გია ქავთარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 27 მარტს.