დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მე–5 საპყრობილეში დაწყებული ბუნტის აღკვეთით ქვეყანამ მასიურ დესტაბილიზაციას აარიდა თავი.
“ვთვლი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული ადეკვატური ზომების გამოყენების შედეგად მოხერხდა ის, რომ არ არის კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი… [პატიმრების შესაძლო გაქცევა] გამოიწვევდა სრულიად ჯაჭვურ რეაქციას ყველა ანალოგიურ დაწესებულებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამით სერიოზულად ისარგებლებდნენ ის ძალები, რომლებიც ქვეყანაში არასტაბილურობას გეგმავენ და ხელს უწყობენ“, – განაცხადა 27 მარტს ნინო ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, იმ ადამიანებმა ვინც აღკვეთეს ბუნტის გაგრძელება და ქალაქის ქუჩებში გამოსვლა “პირადი თავგანწირვა“ ჩაიდინეს.
“ჩვენ ძალიან ვწუხვართ დაღუპულების გამო, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ის პატიმარია თუ არ არის პატიმარი… მაგრამ მასშტაბები, რომ არა ხელისუფლების მართლაც განსაკუთრებული მცდელობა, რომ უსისხლოდ ჩატარებულიყო ეს ღონისძიება, იქნებოდა გაცილებით უფრო მძიმე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია პატიმართა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის 27 მარტს გამთენიისას ციხეში მომხდარი შეტაკების შედეგად დაღუპულთა შესახებ.
“საგანგებოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა ის, რაც მოხდა წუხელ ციხეში და რაც მოხდა კოდორის ხეობაში, ეს არის ერთიანი ძალიან სერიოზული ჯაჭვის რგოლები და ძალიან სერიოზული შემოტევა მიმართული ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციისაკენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.