საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდა. 


საგარეო უწყების ცნობით, ელჩს ეთხოვა განმარტებები რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის გენადი ბუკაევის ჩრდილო ოსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობების ერთობლივი სხდომის დროს, 22 მარტს გაკეთებულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მთავრობამ უკვე განიხილა სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხი.


“ქართული მხარისათვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ასეთი ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნის მხრიდან, ასევე ჩრდილოეთ ოსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობების ერთობლივი სხდომის ფორმატი“, – ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციში.


გარდა ამისა, მერაბ ანთაძემ შეშფოთება გამოთქვა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე რუსეთის მიერ დაწესებულ ე.წ. ფიტოსანიტარულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რის გამოც  საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქციის ექსპორტი შეჩერებულია.


“რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ვაჭრობის ფარული შეზღუდვის პოლიტიკას ატარებს…ასეთი არასამართლიანი ქმედებები საქართველოს მიმართ აუცილებლად აისახება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მუშა ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვები შარშან დეკემბერში დააწესა.

Exit mobile version