რუსეთის ოფიციალური პირის განცხადებით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი უნდა გაერთიანდეს

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის გენადი ბუკაევის განცხადებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო “პრინციპული გადაწყვეტილება“ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების თაობაზე, იტყობინება რუსული გაზეთი “ვედომოსტი“.


გაზეთის ცნობით, ბუკაევმა ეს განცხადება 22 მარტს ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობების ერთობლივ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც ედუარდ კოკოითი და თეიმურაზ მამსუროვიც ესწრებოდნენ.


ბუკაევის განცხადებით, გაერთიანებული რესპუბლიკის სახელწოდება იქნება “ალანია“. “თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ორი რესპუბლიკის ეკონომიკური ინტეგრაციისთვის“, – იტყობინება “ვედომოსტი“ ბუკაევის სიტყვებზე დაყრდნობით.  


“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ განცხადების კომენტირებისგან თავი შეიკავა“, – იტყობინება “ვედომოსტი“. 


გაზეთი ასევე იტყობინება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გენადი ბუკაევი გაგზავნილ იქნა ვლადიკავკაზში ერთობლივ სამთავრობო სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, “მას არ ჰქონდა უფლება ამგვარი განცხადება გაეკეთებინა“.


ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის თეიმურაზ მამსუროვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ინტეგრაციის “პოლიტიკურ-ეკონომიკური საფუძვლის“ შესაქმნელად.


ჩრდილოეთ და ცხინვალის რეგიონის მთავრობების ერთობლივ სხდომაზე განხილულ იქნა ქართული სოფლების შემოვლით ცხინვალის ჩრდილოეთ ოსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ასევე ჩრდილოეთ ოსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაზსადენის მშენებლობის საკითხი.   


 

Exit mobile version