ოპოზიცია სახელმწიფო ენერგოკომპანიების გაერთიანების გეგმებს ეჭვქვეშ აყენებს

ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეები” ეჭვქვეშ აყენებს ეკონომიკის სამინისტროს გეგმებს სამი სახელმწიფო კომპანიის – საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის და “საქნავთობის“ – გაერთიანების თაობაზე და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება მიზნად ისახავს ახალი კონგლომერატის აქციების პრივატიზებას.


“ვფიქრობთ, რომ ამ სტრუქტურების გაერთიანების რეალური მიზანი მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაა. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად კი გაზსადენის გაყიდვა ვერ მოხერხდა და ამ გაერთიანებით პრივატიზაცია უფრო მარტივი იქნება. ჩვენი აზრით, ნამდვილი და დაფარული მოტივი ამ გაერთიანებისა სწორედ ესაა“, – წერს 22 მარტს გაზეთი “რეზონანსი“ ახალი მემარჯვენეები წევრის ირაკლი იაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


ქვეყნის მაგისტრალურ გაზსადენს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია მართავს. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია ძირითადად საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირების საკითხებზე მუშაობს. საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანია “საქნავთობის“ ფუნქციებში კი ნავთობის და გაზის მოპოვება, ექსპლოატაცია, გადამუშავება და გაყიდვა შედის.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს ოპოზიციის განცხადებებს და ამ გაერთიანების მიზეზად სამივე კომპანიის ეფექტურობის ზრდის საჭიროებას ასახელებს.


20 მარტს გაზეთ “რეზონანსი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნიქსონის ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების და ენერგეტიკის პროგრამების დირექტორმა, რეგიონალურმა ანალიტიკოსმა ზეინო ბარანმა ასევე ეჭვის ქვეშ დააყენა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ გაერთიანებულ კომპანიაზე უფრო მტკივნეულად იმოქმედებს რუსული “გაზპრომის“ მცდელობები გააკონტროლოს საქართველოს ენერგოსექტორი.   

Exit mobile version