სემნები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებაზე საუბრობს

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის ახალმა წარმომადგენელმა პიტერ სემნებიმ, რომელმაც თბილისში ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა, 21 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ჯერ ნაადრევია საუბარი“ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) შემადგენლობაში ევროკავშირის მონაწილეობაზე, თუმცა “ევროკავშირის სურვილია უფრო აქტიურად“ ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში.


მისი თქმით, ევროკავშირი უკვე იღებს მონაწილეობას სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების პროექტებთან დაკავშირებულ ერთობლივ სხდომებში.


“რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ამაზე ცოტა ნაადრევი და ძნელია საუბარი ევროკავშირის მონაწილეობაზე, თუმცა ზოგადად ვიტყოდი, რომ ევროკავშირის სურვლია უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა იგივე სამხრეთ ოსეთის და სხვა კონფლიქტების მოგვარებაში“, – განაცხადა 21 მარტს სემნებიმ.


ევროკავშირის წარმომადგენელმა მზადყოფნა გამოთქვა რუსულ მხარესთან აქტიურად განიხილოს ნებისმიერი პრობლემა. 


“მე ვთვლი, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა ეწოდოს და თუ არის რუსეთთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა,  მე ნამდვილად არ შევუშინდები წამოვჭრა ეს საკითხი“, – დასძინა სემნებიმ.


ევროკავშირის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა და დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გეგმის მიმართ.


“მე მოვუწოდებდი საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს საკმაოდ აქტიურად, მიზანმიმართულად, ამავე დროს ძალიან ფრთხილად, აჩქარების გარეშე, რათა არ მოხდეს ესკალაცია [ქართულ–ოსურ] ურთიერთობებში… ძირითადი როლი მაინც ამ საკითებში საქართველოს ეკისრება“, – განაცხადა სემნებიმ.

Exit mobile version