ვალერი გელაშვილი მასზე თავდასხმაში ოფიციალურ პირებს სდებს ბრალს

ვილნიუსიდან ტელეკომპანია “იმედთან“ სატელეფონო საუბრისას დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიიდან 21 მარტს განაცხადა, რომ იგი ეჭვობს, რომ დეპუტატი ბიძინა ბრეგაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა გასული წლის ივლისში მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან დგანან.


“ვეჭვობ, რომ უგულავამ, რომელიც მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო და ბიძინა ბრეგაძემ, რომელიც მაშინ მერაბიშვილის [შინაგან საქმეთა მინისტრის] მოადგილე იყო, მოაწყვეს ჩემს წინააღმდეგ თავდასხმა“, – განაცხადა გელაშვილმა.


თბილისის მერი გიგი უგულავა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც გელაშვილის სამშენებლო ფირმა 18 მარტს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ ხანძარში დაადანაშაულა. მოგვიანებით, დეპუტატმა ბიძინა ბრეგაძემ განაცხადა, რომ გელაშვილი არის “ბანდიტი და მისნაირი ბანდიტების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის”.


“ის სულით ავადმყოფია. ვფიქრობ, რომ არა მარტო სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ მისი პიროვნებით, არამედ ექიმებიც“, – განაცხადა გიგი უგულავამ 21 მარტს დეპუტატ გელაშვილის საპასუხოდ.


დეპუტატი გელაშვილი ვილნიუსში, სადაც მას გარკვეული ბიზნესი აქვს, 1997 წლამდე ცხოვრობდა.   


 

Exit mobile version