ქართველი პარლამენტარები მოსკოვში რუს კოლეგებს შეხვდნენ

დღეს მოსკოვში ქართველ პარლამენტართა დელეგაციამ, რომელსაც პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ხელმძღვანელობს, რუსეთის სათათბიროს დსთ–ს საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების დეპუტატებთან შეხვედრები გამართა. 


“ყველა შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, რომ [საქართველოს] ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ეჭვქვეშ რუსეთი არ აყენებს და მზად არის ითანამშრომლოს ამ საკითხების მოგვარებაში“, – განუცხადა დღეს ქართულ ტელეკომპანიებს მიხეილ მაჭავარიანმა მოსკოვში.


ქართველმა დეპუტატებმა სათათბიროში გამართულ შეხვედრებს “თბილი“ უწოდეს.


“ჩვენ ავუხსენით, რომ საქართველო რუსეთს არ განიხილავს, როგორც მტრულ სახელმწიფოს, უბრალოდ გვინდა, რომ იყოს ნათელი იმპულსები, რომ პრობლემების მოგვარება დაიწყოს და ეს იმპულსი უნდა მოდიოდეს  პირველ რიგში სამშვიდობო პროცესიდან, რომელიც ახლა არის შეჩერებული“, – განაცხადა მაჭავარიანმა.


საქართველოს პარლამენტის ოთხკაციანი დელეგაცია, რომელშიც ოპოზიციონერი დეპუტატები არ შედიან, მოსკოვში 19 მარტიდან იმყოფება.


დეპუტატებმა უკვე გამართეს შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში და განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების პრობლემატური საკითხები.

Exit mobile version