დღეს მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ირაკლი ჩარკვიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
იმავდროულად ალასანია შეინარჩუნებს ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსს.
როცა ალასანია ამ ორ პოსტს ერთმანეთს უთავსებდა, სოხუმი ყოველთვის უარს აცხადებდა ოფიციალურ შეხვედრებზე მასთან, როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე.
ჩარკვიანის განცხადებით, ახალი საკადრო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა “კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესის კოორდინაციის ამაღლების მიზნით მიიღო“.
ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტს.