ქართველ პარლამენტართა ჯგუფი, რომელიც ბელარუსის სპეცსამსახურს სამი დღის განმავლობაში დაკავებული ჰყავდა, 18 მარტს დეპორტირებულ იქნა საქართველოში. ქართველი დეპუტატები მინსკში 19 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით ჩავიდნენ.
“ბელარუსის სპეცსამსახურმა ჩასვლისთანავე დაგვაკავა [16 მარტს]. შემდეგ რაღაც უცნობ შენობაში შეგვიყვანეს, სადაც დაგვკითხეს, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებული საქმის სავარაუდო მოწმეები. რამდენიმე ქართველ მოქალაქეს, მათ შორის [პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს] გივი თარგამაძეს ტერორიზმის მცდელობაში ედება ბრალი“, – განუცხადა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს თბილისში ჩამოსვლისას.
“თითოეულ დეპუტატს ოთხი პირი იცავდა. თავიდან გვითხრეს, რომ ჩვენი პასპორტები წესრიგში არ იყო. სამი დღე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაგვაჩერეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელარუსის ხელისუფლებას ეშინია თავისუფალი დამკვირვებლების და თავისუფალი აზრის“, – განაცხადა დეპუტატმა ბიძინა ბრეგაძემ.