მოსკოვი საქართველოს საგარეო უწყებას კონტრბრალდებებით პასუხობს

17 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი კოლეგების საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც თბილისს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საერთაშორისო შუამავლების მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი დოკუმენტების დაბლოკვაში დასდო ბრალი.


კერძოდ, მოსკოვის განცხადებით, ქართულმა მხარემ “გამოგონილი“ მიზეზებით გაიწვია უკან უსაფრთხოების გარანტიებისა და საბრძოლო მოქმედებების განუახლებლობის შესახებ 2005 წლის დეკემბერში შეთანხმებული და ხელმოსაწერად გამზადებული დოკუმენტი.


ამას გარდა, რუსეთის საგარეო უწყება გაუგებარს უწოდებს მიზეზებს, რომლის გამოც ქართული მხარე ავადებს გალის რაიონში დევნილთა ხელახალი რეგისტრაციის დაწყებას, რომელზეც შეთანხმება 2005 წლის ზაფხულში იქნა მიღწეული.


14 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 13–14 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან მიხეილ ბოჩარნიკოვთან აფხაზეთის საკითხებზე თბილისში გამართულ მოლაპარაკებების შედეგებს ეძღვნებოდა, ნათქვამია, რომ  “რუსულ მხარეს არ წარმოუდგენია კონფლიქტის დარეგულირების ახალი ხედვა… რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არ არსებობს სათანადო პოლიტიკური ნება, დაარეგულიროს აღნიშნული კონფლიქტი საქართველოსთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით“.


რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ მოსკოვს ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსი აქვს, ამდენად შეთანხმებების მიღწევა და კონფლიქტის დარეგულირების მიზნით “ახალი ხედვებისა და ელემენტების“ წარმოდგენა, “მთლიანად კონფლიქტის მხარეების პრეროგატივაა“.


“ზედმეტია იმის შეხსენება, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს… თბილისში კი, გამართული კონსულტაციების შედეგების გაანალიზებით, კვლავინდებურად არ არიან მზად წარმოადგინონ არათუ რაიმე ახალი, არამედ რამე თუნდაც გასაგები და რეალისტური ხედვა პრომლემის გადაწყვეტის გზებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის კომენტარში.

Exit mobile version