ოპოზიციას “არასტაბილურობის ილუზიის“ შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ

17 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის მიუკერძოებელი გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბა. 


საპროტესტო აქციას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა,  ოპოზიციური პარტიები “რესპუბლიკელები“, “კონსერვატორები“, “ახალი მემარჯვენეები“, “ლეიბორისტული” პარტია და პარტია “თავისუფლება“ შეუერთდნენ. აქციას ასევე შეუერთდნენ ის გარე მოვაჭრეები, რომლებიც დღეს საპროტესტო აქცია სალარო აპარატების წინააღმდეგ პარლამენტის წინ გამართეს. აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობასაც აპროტესტებდნენ.


ამ საპროტესტო აქციის საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ პრეს-კონფერენცია გამართა და ოპოზიციურ პარტიებს ქვეყანაში დაძაბულობის გამოწვევაში დასდო ბრალი. მისი თქმით, ხელისუფლებამ უკვე უპასუხა საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს. არველაძე გულისხმობდა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 16 მარტს გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადაყენების შესაძლებლობა.     


“გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც თავისთავს ოპოზიციას ეძახიან, ცდილობს რომ მაქსიმალურად, ყველა საშუალების გამოყენებით არიოს ქვეყანაში სიტუაცია, დაძაბოს მდგომარეობა, შექმნას განწყობა, რომ ქვეყანაში არის კატასტროფული საპროტესტო ტალღა საზოგადოების მხრიდან. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ამას ყველანი ძალიან კარგად ხედავთ. ისინი ვერ ახერხებენ, რომ მათთვის სასურველი ფორმები მისცენ იმ საპროტესტო აქციებს, რომელსაც ცდილობენ, რომ გააკეთონ მთელი ამ ხნის განმავლობაში. ისინი ახერხებენ თავიანთი აქტივისტების გამოყვანას, მაგრამ ვერ ახერხებენ, რომ ყველაფერმა ამან მიიღოს მასობრივი ხასიათი მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა არველაძემ 17 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


არველაძის თქმით, ზოგ შემთხვევაში ამ აქციების ერთადერთი მიზანია, რომ  გაკეთდეს რუსეთის ტელევიზიებზე შესაბამისი სიუჟეტები.


მისი თქმით, ოპოზიციური ძალები “გარკვეულ ოლიგარქიულ ინტერესებს და ზოგ შემთხვევაში კრიმინალურ ინტერესებს ემსახურებიან“.


16 მარტს პრეს-კონფერეციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ დემონსტრაციები “ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“.


“ამგვარი საპროტესტო აქციები ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში იმართება. გადართეთ თქვენი ტელევიზორები უცხოურ არხებზე და დაინახავთ ამას… რომ არა ეს საპროტესტო აქციები, ჩვენ ბელარუსს ან ჩრდილოეთ კორეას დავემსგავსებით… ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც ყველას აქვს უფლება გამოხატოს თუნდაც ყველაზე მიუღებელი მოსაზრება. თუმცა, გადაწყვეტილებებს ხმების უმრავლესობით ვიღებთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ოპოზიცია გამოცოცხლებას ცდილობს შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმართველობის არჩვენის წინ. პრეზიდენტის განცხადებით, მისი პარტია მაინც მოიგებს არჩევნებს, რადგანაც “ჩვენ საქმეს ვაკეთებთ“.


“ჩვენ მოვიგეთ საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენ მოვიგეთ საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ მოვიგეთ შუალედური არჩევნები გასული წლის ოქტომბერში და ვფიქრობ, მოულოდნელი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენ მოვიგებთ ადგილობრივ არჩევნებსაც, საერთო ჯამში. შესაძლოა, ზოგიერთ ოლქში ჩვენ ვერ შევძლებთ გამარჯვებას, მაგრამ საერთო ჯამში მოვიგებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


ოპოზიციურმა პარტიებმა 17 მარტს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ მორიგ, უფრო მასშტაბურ აქციას მერაბიშვილის გადაყენების მოთხოვნით 30 მარტს გამართავენ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციას გაუჭირდება აიძულოს სააკაშვილი გადააყენოს თავისი ახლო მოკავშირე და ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში.

Exit mobile version