ბეჟუაშვილმა და ფრიდმა კონფლიქტების თემა განიხილეს

15 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.


შეხვედრის დროს განხილული იყო კონფლიქტების თემა, მათი მშვიდობიანად მოგვარების შესაძლებლობები და ამ პროცესში ევროპული თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნეს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობა. ამერიკულმა მხარემ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივების მიმართ.


საუბარი ასევე შეეხო  საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას  განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები და საინვესტიციო გარემო.

Exit mobile version