საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს ბელარუსის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, არ დაუშვას ზოგიერთი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს წარმომადგენლები 19 მარტს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო-ს, დსთ-ს და დამკვირვებელთა სხვა მისიებში მონაწილეობის მისაღებად.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ ბელარუსის მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება არ შეესაბამება გაერო-ს, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საყოველთაოდ დეკლარირებულ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის ფაქტობრივ იგნორირებას წარმოადგენს“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს, “რაც სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს მომავალი არჩევნების დემოკრატიულობასა და მისი შედეგების ლეგიტიმურობას“.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა 10 მარტს ასევე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც ასევე დაგმობილია “ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმის მიერ“ ქართველ დამკვირვებელთა არჩევნებზე არდაშვება.