გაზეთ “რეზონანსის“ ვარაუდით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების უფლებამოსილების შეჩერებას შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილიც გადადგომაც მოჰყვეს.
შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დათა ახალაიამ და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ვასილ სანოძემ 13 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან, თუმცა გადაწყვიტეს გადადგნენ, რადგანაც მათ “მორალური პასუხისმგებლობის“ გრძნობა აქვთ. ამავე დეპარტამენტის თანამშრომელს ოლეგ მელნიკოვს ასევე შეუჩერდა უფლებამოსილება.
“გადადგომის შემთხვევაში, ვანო მერაბიშვილი, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მისი “ღირსეული“ თანამშრომლების წყალობით აღმოჩნდა, ალბათ, სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლებს და უშიშროების საბჭოს ჩაუდგება სათავეში. თუმცა ეს მერაბიშვილისთვის არაა დაწინაურება – განსაკუთრებით დღეს, რადგანაც უშიშროების საბჭო ფრთებშეკვეცილია“, – წერს “რეზონანსი“.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებას უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე წინ უძღოდა სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მკაცრი განცხადება, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა. “რეზონანსი“ ვარაუდობს, რომ „ახალაიას, სანოძის, დონაძისა და მელნიკოვის მოცილება, თუ თავად მერაბიშვილის არა, პრეზიდენტის სურვილია და მას სუბარი კარგად ახმოვანებს“.