“რესპუბლიკელები” დამნაშავე პოლიციელების დასჯას ითხოვენ

“რესპუბლიკური“ პარტიის წევრებმა თინა ხიდაშელმა და დავით ბერძენიშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე მოითხოვეს ყველა იმ პოლიციელის დასჯა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მონაწილეობდა ადამიანის წამებაში, მკვლელობასა და სხვა დანაშაულებრივ ფაქტებში.


“რესპუბლიკელები“ თანადგომას უცხადებენ და მიმართავენ ყველა დაზარალებულს, ვინც აქამდე შიშის ან სხვა ფაქტორის გამო თავს იკავებდა საჯაროდ განეცხადებინა პოლიციის მხრიდან ჩადენილი უკანონობა, დადგენენ ერთად “პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ“. 
 
“თითოეულს შეუძლია გვიგულონ თავის დამცველად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვისაც აცვია ფორმა, ხელში უჭირავს იარაღი და სახელმწიფოს სახელით ეწევა სადამსჯელო ოპერაციებს, იყოს დასჯილი“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
 
თინა ხიდაშელმა ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოების არასწორი ინფორმირების გამოც დაადანაშაულა. კერძოდ, მისი თქმით,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბოკერიამ 9 მარტს “რუსთავი 2-ის“ თოქ-შოუში “იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ 2004 წელს პოლიციელების მიერ მოკლული 19 წლის ამირან რობაქიძის საქმე გახსნილია და სასჯელს იხდიან პოლიციელები“.


“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ერთი პოლიციელი, რომელიც დამნაშავეა ამ მკვლელობაში,  პასუხისგებაში მიცემული არ არის. ძიება საერთოდ შეწყვეტილია პატრულის თანამშრომლების – ჭანტურიას, ლობჟანიძის და აბუაშვილის მიმართ, ხოლო ბაშალეიშვილი, რომელმაც დანაშაული აღიარა გირაოთია გათავისუფლებული“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.


19 წლის ამირან რობაქიძე 2004 წლის ნოემბერში იქნა მოკლული.

Exit mobile version