სააკაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ იდეოლოგიური ომი მიდის

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მარტს განაცხადა, რომ “გავლენიანმა ძალებმა“ საქართველოს წინააღმდეგ მისი დისკრედიტაციის მიზნით “იდეოლოგიური ომი“ წამოიწყეს.


“საქართველოს გარშემო მიდის ნამდვილი იდეოლოგიური ომი- სხვა ამას არაფერი არ ჰქვია. ძალიან გავლენიანი, ძალიანი ფულიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ძალები დაკავებულები არიან საქართველოს გაშავებით და წარმოჩინებით, როგორც არასტაბილური, საშიში, არასაიმედო, არაევროპული, არაცივილიზებული, უკულტურო ქვეყნის. ჩვენ ვართ ევროპული, კულტურული, მაღალცივილიზებული, დიდი მომავლის მქონე ქვეყანა“, – განაცხადა სააკაშვილმა.   


საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ფორუმზე “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის მომავალი“, რომელიც თბილისში 9-10 მარტს ევროკავშირის, აშშ-ს, უკრაინის, ლიტვის, ლატვიის და თურქეთის ოფიციალური პირების და ექსპერტების მონაწილეობით იმართება .


პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველოს და უკრაინის ინიციატივა “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის“ შექმნის თაობაზე თანდათან ხორცს ისხამს.


“პირველ შეხვედრაზე ბორჯომში ვიყავით მარტო მე და [უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ] იუშჩენკო. შემდეგ კიევში ჩავიდა ბევრი პრეზიდენტი. ეხლა შვეციის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ ის არის მზად, რომ თავისი ქვეყანა მიუერთდეს ამ ბალტიის-შავი ზღვის ქვეყნების დემოკრატიულ თანამეგობრობას. ჩვენი – საქართველოს და უკრაინის – ინიციატივა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ამ ექსპერტების და ანალიტიკოსების ჩამოსვლა არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ უფრო ფართო ფორმატს ვამზადებთ ამ ორგანიზაციისთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველო გახდა “საერთაშორისო პოლიტიკაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე“.  

Exit mobile version