შინაგან საქმეთა მინისტრი დონაძის გათავისუფლებაზე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 7 მარტს გაკეთებულ მოკლე კომენტარში განაცხადა, რომ მან შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი გურამ დონაძე იმიტომ გაათავისუფლა თანამდებობიდან, რომ ამ უკანასკნელს ცუდი ურთიერთობები ჰქონდა ჟურნალისტებთან. მან უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმ განცხადებებზე, რომ თითქოს დონაძე კავშირში იყო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან.


“იმედი მაქვს, რომ ახალ ხელმძღვანელს უკეთესი ურთიერთობები ექნება ჟურნალისტებთან და ჩვენი ურთიერთობები უფრო ადვილი იქნება და დაეხმარება თანამშრომლობას [სამინისტროს და ჟურნალისტებს შორის]“, – განაცხადა მერაბიშვილმა. ამჟამად, დონაძის მოვალეობებს დროებით პრესსამსახურის თანამშრომელი ზურაბ გვენეტაძე ასრულებს.


გარდა დონაძისა, გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ასევე უკავშირდებიან შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებიც.


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრს 7 მარტის საღამომდე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას და მისი მოადგილის ოლეგ მელნიკოვის თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან მათი შესაძლო კავშირის გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია მერაბიშვილის გადაყენების კამპანიის დაწყებით დაიმუქრა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა არაფერი თქვა ოპოზიციონერი პარლამენტარების ამ მოთხოვნაზე.

Exit mobile version