ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრზე ზეწოლას აძლიერებს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ და “დემოკრატიული ფრონტიდან“ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის დათა ახალაიას და მისი მოადგილის ოლეგ მელნიკოვის თანამდებობიდან გადაყენება მოსთხოვეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან მათი შესაძლო კავშირის გამო. 


“ვანო მერაბიშვილს დაახლოებით სამი საათი აქვს, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. თუ ის უარს იტყვის, ოპოზიცია დაიწყებს კამპანიას მერაბიშვილის გადაყენების თაობაზე“, – განაცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 7 მარტს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


შინაგან საქმეთა მინისტრმა 7 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე, რომელიც სავარაუდოდ კავშირში იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან. თუმცა, დონაძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არის “კონფლიქტური ურთიერთობები“ ჟურნალისტებთან. 


შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 7 მარტს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, თუმცა კომენტარი შეხვედრის შემდეგ არ გაუკეთებია.


სავარაუდოდ, მერაბიშვილი განცხადებას 18:00 საათზე დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე გააკეთებს.

Exit mobile version