ანთაძე: რუს სამხედროებზე ვიზების გაცემის საკითხი დარეგულირებულია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ საკონსულომ დაიწყო საქართველოში მყოფ რუს სამხედროებზე ვიზების გაცემა.


“დღეიდან საკონსულო დეპარტამენტს მიცემული აქვს შესაბამისი მითითება, რომ გასცეს ერთწლიანი მრავალჯერადი ვიზები რუსეთის იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც იმყოფებიან აქ [საქართველოს ტერიტორიაზე]და მათ ვიზებს გაუვიდათ ვადა. ვიზები გაიცემა როტაციით შემომსვლელ სამხედრო მოსამსახურეებზეც. ასე რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.


მისი თქმით, ის შეფერხებები, რაც ვიზების გაცემას უკავშირდებოდა, მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებდა.


მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე მზად არის სამშვიდობოებზე, რომლებიც ასევე ექვემდებარებიან სავიზო რეჟიმს, დღესვე დაიწყოს ვიზების გაცემა, თუ იქნება შესაბამისი მოთხოვნა მათი მხრიდან.


“ჩვენ დღესვე ვართ მზად, თუ ჩვენ მოგვმართავენ, სამშვიდობო კონტიგენტის წარმომადგენლებს მივცეთ ასევე მრავალჯერადი ვიზა იმ ვადით, რა ვადითაც ისინი როტაციას გადიან“, – დასძინა მერაბ ანთაძემ.


იმის გამო, რომ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი რუსეთსა და საქართველოს შორის არ არსებობს ქართული მხარე გამოდის ინიციატივით ასეთი სამართლებრივი ბაზის შექმნის შესახებ.  


“ჩვენი [საქართველო-რუსეთს შორის] ბოლო კონსულტაციების დროს რუსეთთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეთანხმება, რომ ექსპერტთა დონეზე ჩვენ შევეცდებით მოვძებნოთ ამ ვითარებიდან გამოსავალი სამართლებრივი ბაზის შექმნით“, -განაცხადა მერაბ ანძათემ.


მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2 მარტს მისი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსულ მხარესთან ასევე განხილულ იქნა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირების, დროებითი ყოფნისა და გასვლის შესახებ დოკუმენტი, რომელიც უკვე შეთანხმებულია და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ხელმოწერა.

Exit mobile version