ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო საპროტესტო აქციების ერთიან სტრატეგიაზე მსჯელობს

დღეს “ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში “რესპუბლიკელების“, ახალი მემარჯვენეების“ და “კონსერვატორების“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ, სადაც საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში დახურულ კარდ მიღმა ათანხმებენ ოპოზიციის ერთიან სტრატეგიას საპროტესტო აქციების მოწყობასთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად სალარო აპარატების წინააღმდეგ მოვაჭრეთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად. 


ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.


“ლეიბორისტების“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უკვე გადაწყვეტილია, რომ შემდგომი საპროტესტო აქცია სალარო აპარატებთან დაკავშირებით 9 მარტს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.

ანალოგიური აქციები თბილისში 28 თებერვალს და 1 მარტს “ლეიბორისტებისა” და “კონსერვატორების” ორგანიზებით გაიმართა.


“ჩვენ აქციაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხებს [სანდრო] გირგვლიანის  მკვლელობისა და სხვა პრობლემატურ თემებსაც დავაყენებთ“, – განაცხადა 3 მარტს “კონსერვატორების“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა.


“რესპუბლიკელების“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, “მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ წინა აქციებში მონაწილეობა არ მიგვიღია, მხარს ვუჭერთ ამ აქციებს. ჩვენ [ოპოზიციურმა პარტიებმა] დიალოგის რეჟიმში უნდა ვითანამშრომლოთ და ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ძალუძთ ამ რეჟიმში მუშაობა“.


“ახალმა მემარჯვენეებმა“ განაცახდეს, რომ ოპოზიციას თანმშრომლობის გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებს და არ გამორიცხეს საკოორდინაციო საბჭოს არსებული ფორმატის გაფართოვების შესაძლებლობა.


“მსგავსი ფორმატი უნდა არსებობდეს, რათა მომავალშიც სხვა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშრებით ერთად ვიმოქმედოთ“, – განაცხადა დეპუტატმა “ახალი მემარჯვენეებიდან“ მამუკა კაციტაძემ.

Exit mobile version