დღეს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს არსებულ რთულ პროცედურებს.
“აღნიშნული პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნოვაციებს შეიცავს. ეს არის ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, საპროცესო ვადების შემცირება, წინასწარი გამოძიების გამარტივება, სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას სასამართლო პროცესების დაჩქარება და გარდა ამისა მნიშვნელოვანი გარანტიები არის ჩადებული ადამიანის უფლებების დაცვის მხრივაც“, – განაცხადა 2 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.
სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი, რომლის მიღებასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავს, ითვალისწინებს წინასწარი პატიმრობის 9–თვიანი ვადის 45 დღემდე შემცირებას.
ნოვაციას წარმოადგენს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება. 12 ნაფიც მსაჯულს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის უფლება აქვს.
პროექტით გათვალისწინებულია ასევე ოთხი ძირითადი აღმკვეთი ღონისძიება: გირაო, თავდებობა, არასრულწლოვანის მეთვალყურეობაში გადაცემა და პატიმრობა.
კანონპროექტის მიხედვით, ბრალდების პირველადი წარდგენა მოსამართლესთან 24 საათში უნდა მოხდეს. გარდა ამისა, პირის დანაშაულის ფაქტზე წასწრებისა და უტყუარი მტკიცებულებების შემთხვევაში, მოსამართლეს განაჩენის 24 საათში გამოტანის უფლება ენიჭება.
ასევე სიახლეს წარმოადგენს სასამართლო პროცესზე პირის ინტერნეტის საშულებით დაკითხვა.
კანონპროექტის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაშინვე შედის კანონიერ ძალაში, რაც საშულებას იძლევა მსჯავრდებული გადაყვანილ იქნას საპყრობილედან უფრო მსუბუქი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მორიგი სიახლეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლება და ამ პროცესში პროკურატურის ჩაურევლობა.
ახალი საპროცესო კოდექსი მას შემდეგ, რაც მას პარლამენტი დაამტკიცებს, ძალაში 2007 წლიდან შევა.