ოპოზიციის ლიდერი პოლიციის ტაქტიკას აკრიტიკებს

გაზეთ “24 საათში“ 2 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ პოლიციის ბოლოდროინდელი ტაქტიკის შედეგად ბოლო თვეების განმავლობაში 19 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ეს სახიფათო ტენდენციაა, რომლისკენაც  პრეზიდენტი სააკაშვილი უბიძგებს, რომელმაც სამართალდამცავებს “წვრილმანი დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობისკენ“ მოუწოდა.


“შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა ეს პირი [პოლიციის ოპერაციების დროს მოკლულნი] კრიმინალები იყვნენ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში მათი დანმაშავეებად ცნობა არ მომხდარა“, – აცხადებს თინა ხიდაშელი სტატიაში სათაურით “როგორ აღდგა სიკვდილით დასჯა საქართველოში“.


28 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პოლიციის ეს ტაქტიკა პოლიციელთა სიცოცხლის დაცვის აუცილებლობით ახსნა.


“ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ გააკრიტიკეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ვლადიმერ არუთუნიანის აყვანის დროს ერთი ჩვენი ოფიცერი გარდაიცვალა. ჩვენ გავეცით ბრძანება, რომ არუთუნიანი ცოცხლად აეყვანათ. მაგრამ მე არ ვაპირებ ანალოგიური ბრძანებები ხშირად გავცე მომავალში, რადგანაც ამ ბრძანებას ოფიცრის სიცოცხლე შეეწირა“, – განუცხადა მერაბიშვილმა პარლამენტარებს.


“ცეცხლის გახსნა [ეჭვმიტანილის] დაჭრის მიზნით – ამგვარი ბრძანება არ არსებობს, ცეცხლის გახსნა თავდაცვის მიზნით – ასეთი ბრძანება არსებობს. ვინ დაიჭრება ან ვინ მოკვდება შეტაკების დროს ბედზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მინისტრმა. 

Exit mobile version