სოფელ ადლიას მახლობლად შინაური ფრინველის განადგურება დაიწყო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მიმდებარე სოფლებში შინაური ფრინველის განადგურება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს ადლიაში მდებარე ტბაზე ნაპოვნ გარეულ ფრინველს ლაბორატორიული შემოწმების შედეგად კვლავ დაუდგინდა H5N1-ის ვირუსი.


პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დღეიდან ადლიადან 3 კილომეტრის რადიუსში არსებულ 11 სოფელში შინაური ფრინველის განადგურება დაიწყო.


“ეს არის ის ზომები, რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ უპირველეს ყოვლისა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გარეული ფრინველიდან შინაურ ფრინველზე ფრინველის გრიპის გადაცემა და რაც საბოლოო ჯამში მთავარია, თავიდან ავიცილოთ ადამიანებს შორის ფრინველის გრიპის გავრცელება“, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.


პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, 24 თებერვალს პალიასტომის ტბაზე აღმოჩენილ გარეულ მკვდარ ფრინველს ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ ფრინველის გრიპის ნიშნები არ აღმოაჩნდათ. 

ფრინველის გრიპის პირველი შესაძლო შემთხვევა 24 თებერვალს დაფიქსირდა. სოფელ ადლიასთან ახლოს ნაპოვნი იქნა მკვდარი გედი, რომელსაც H5N1 ვირუსის ნიშნები აღმოაჩნდა, თუმცა ვირუსის საბოლოოდ დასადგენად მონაცემები ლონდონისა და ვენეციის ლაბორატორიებში გადაიგზავნა.

Exit mobile version