საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 24 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გურამ დონაძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა ამ უკანასკნელის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედებების გამო.
სახალხო დამცველის თქმით, გურამ დონაძემ, რომელიც საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა, მცდარი ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს განაცხადა რა, რომ მკვლელობის ეს საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის ბრძოლას.
12 თებერვალს ტელეკომპანია “იმედის“ ეთერით გასულ გადაცემა “დროებაში“ საქმის დეტალები გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის გურამ დონაძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე თაკო საკაყაია, შესაძლოა საქმესთან კავშირში ყოფილიყვნენ.
სახალხო დამცველმა ასევე განაცხადა, რომ დონაძის უკანონო ქმედებებს ასევე უკავშირდება 20 პიროვნების ფოტოების გამოქვეყნება, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ მოპარული მობილური ტელეფონების ვაჭრობასთან კავშირში, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. თუმცა, მოგვიანებით მათ წინააღმდეგ ბრალდებები მოიხსნა და ყველა მათგანი გაათავისუფლეს.
სოზარ სუბარის განცხადებით, გურამ დონაძის წინააღმდეგ მთელი რიგი პრეტენზიები არსებობს ამ უკანასკნელის მიერ ჟურნალისტების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო.
“ვფიქრობ, რომ ეს არ არის ის პიროვნება, რომელსაც ეს თანამდებობა უნდა ეკავოს“, – დასძინა სუბარმა.