საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ინფორმაციით, საქართველოში მყოფ რუს სამხედრო მოსამსახურეებზე ვიზების გაცემა დაიწყო.
“ჩვენი მხრიდან ყველა პრობლემა მოგვარებულია, ჩვენ დავიწყეთ ვიზების გაცემა და ანალოგიურ ქმედებას ველით რუსეთის მხრიდანაც“, – განუცხადა ჟურნალისტებს გელა ბეჟუაშვილმა 22 თებერვალს.
21 თებერვალს საქართველოში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებამ საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეწყვიტა და ამის ერთ-ერთ მოტივად რუსი სამხედროებისთვის ვიზების გაცემის პროცესში “ქართული მხარის მიერ წლების განმავლობაში ხელოვნური პრობლემების შექმნა“ დაასახელა.
ბეჟუაშვილის განცხადებით, ვიზების ვადის გაგრძელება და ახალი ვიზების გაცემა რუსი სამახედროებისთვის “შრომატევადი სამუშაოს“ გამო იყო შეფერხებული.
“საუბარია 1 500–ზე მეტ ადამიანზე და მათი ოჯახის წევრებზე. გაცნობებთ, რომ ეს პროცესი ჩვენ გუშინ ( 21 თებერვალს) დავიწყეთ… როტაციით შემოსული და გასული, ასევე მივლინებასა და შვებულებაში მყოფი სამშვიდობოებისათვის ვიზების გაცემა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, – დასძინა მინისტრმა.