შვედი დიპლომატი პიტერ სემნებუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკავშირის ახალი წარმომადგენელი გახდა. მან ამ თანამდებობაზე ჰეიკი ტალვიტიე შეცვალა, იტყობინება საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას პრეს-სამსახური 22 თებერვალს.
ამ ინფორმაციის თანახმად, პიტერ სემნებუს მანდატი, რომელსაც მანამდე ხორვატიაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, ითვალისწინებს:
• სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს დახმარებას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებათა, ეფექტური მმართველობის, განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სფეროებში;
• რეგიონში კონფლიქტების თავიდან აცილებას და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას, მათ შორის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშეწყობის გზით;
• რეგიონის სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის სტიმულირებას და ხელშეწყობას, მათ შორის ეკონომიკურ, ენერგეტიკის და ტრანსპორტის საკითხებზე.
ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში წარმომადგენელი 2003 წლის ივლისიდან ჰყავს. ჰეიკი ტალვიტიე ამ თანამდებობაზე პირველი დაინიშნა.