სააკაშვილი: რუსეთის პროვოკაციებს იგნორირება უნდა გავუკეთოთ

21 თებერვალს გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად რუსეთის მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციებისა  საქართველო სიმშვიდეს შეინარჩუნებს და “ყველა სახის რიტორიკის, მუქარის და პროვოკაციების მიმართ ჩვენი რეაგირება უნდა იყოს იგნორირებული და მშვიდი“.


ამ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთა, წინ უძღოდა 21 თებერვალს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევა  რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების “სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის მიერ. იმავე დღეს რუსეთმა განაცხადა, რომ წყვეტს ვიზების გაცემას საქართველოს მოქალაქეებისთვის.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტის გადადების თაობაზე, რომელიც 26 თებერვალს იგეგმებოდა, “იყო კიდევ ერთი არაადექვატური ნაბიჯი“ მოსკოვის მხრიდან.


“რუსეთის ხელმძღვანელობამ რამდენჯერმე გვითხრა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებდა… ამის ნაცვლად, დღეს სავიზო რეჟიმის დრაკონული გამკაცრება და ადამიანების გადაადგილების არაცივილიზებული შეზღუდვა მოხდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


“ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის 58-ე არმიის უცნაური წვრთნების ფონზე, დღეს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების და ვერტმფრენების მხრიდან საქართველოს სივრცის არაერთგზის დარღვევა მოხდა. თქვენ გახსოვთ, როცა წლინახევრის წინ ასეთი დარღვევები ხდებოდა, რუსეთის თავდაცვის მინისტრი [სერგეი ივანოვი] მოსკოვში ჩასულ [გიორგი] ბარამიძეს [მაშინდელ თავდაცვის მინისტრს] საჰაერო სივრცის დამადასტურებელ საბუთებს გამომწვევად სთხოვდა. საქართველოს მაშინ ამის დასადგენი ზუსტი აპარატურა არ ჰქონდა, ვინაიდან იგი ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა.


“დღეს საქართველოს ყველაზე თანამედროვე საჰაერო სივრცის კონტროლის აპარატურა გააჩნია. მე ხელთ მაქვს ყველაზე უტყუარი მასალები ჩვენი საჰაერო პუნქტიდან, რომელიც საჰაერო სივრცის დარღვევისას მივიღეთ. დღეს ზუსტად არის დასაბუთებული რომელი თვითმფრინავი, რომელი აეროპორტიდან გამოვიდა, რა იყო საბორტე ნომერი, ტიპი და მარშრუტი, ყველა პარამეტრი რომელიც შეიძლება დღეს დაფიქსირდეს“, – დასძინა მან.


თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ჩვენ ვინმესთან მიმართებაში რაიმე სახის ცალმხრივ მოქმედებებს ვაპირებთ“.


“მე მიმაჩნია, რომ ეს პროვოკაციები ჩვენს დაშინებაზეა გათვლილი… ჩვენ არაფრის არ გვეშინია, ნერვებსაც არ მოვიშლით. ჩვენ ჩვენი გზა და ჩვენი კურსი უნდა გავაგრძელოთ… ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხი რუსეთთან თანამშრომლობის და მოლაპარაკების გზით გადავწყვიტოთ, კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, საქართველოს მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპებზე დაფუძნებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.


“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არანაირ ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი, სიტუაციის გართულება არ მოხდება. ამ სცენარს თავზე ვერ მოგვახვევენ. ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი კურსი და ჩვენს მიერ დაგეგმილ ყველა საკითხს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


მისი თქმით, რუსეთი “დიდი სახელმწიფოა“ და მსგავსი ნაბიჯები “დიდი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ძალიან არასერიოზულია“.


“ჩვენ მზად ვართ ამ დიდ სახელმწიფოსთან თანაბარუფლებიანი, ღირსებაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვქონდეს. ყველა სახის რიტორიკის, მუქარის და პროვოკაციების მიმართ ჩვენი რეაგირება უნდა იყოს იგნორირებული და მშვიდი“, – განაცხადა სააკაშვილმა.


იგი ასევე მიესალმა ევროკავშირის ავსტრიული თავმჯდომარეობის მიერ მიღებულ განცხადებას და მას “ხმამაღალი“ უწოდა. განცხადებაში საუბარია “მოლაპარაკებების მექანიზმების ეფექტურობის გაზრდის საჭიროებაზე“ და აღნიშნულია, რომ  შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ეფექტურობა უნდა იზომებოდეს წინა შეთანხმებების განხორციელების ხარისხით, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის თაობაზე.  

Exit mobile version