სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის პაატა ბედიანაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ცხინვალში შესასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.
ბედიანაშვილის ინფორმაციით, ამჟამად სოფლებზე – ერგნეთსა და ერედვზე ცხინვალისკენ გამავალი ორივე გზა ბლოკირებულია ქართული მხარის მიერ, ისევე როგორც ოსურ მხარეს თავის მხრივ გადაკეტილი აქვს ქართული სოფლებიდან გამოსასვლელი გზები.
გზების გადაკეტვა ქათულ სამშვიდობო ბატალიონში მიმდინარე როტაციას უკავშირდება. ბედიანაშვილის ინფორმაციით, ოსურმა მხარემ სოფელ აჩაბეთში განლაგებული ქართველ სამშვიდობოთა 100–კაციანი შემადგენლობა გამოატარა, მაგრამ სანაცვლოდ როტაციის მიზნით ახალი 100–კაციანი კონტიგენტის შეშვებაზე უარი განაცხადა.
ცხინვალის რეგიონიდან მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის განცხადებით, ოსური მხარე ქართული კონტიგენტის არ შეშვების მიზეზად უსაფრთხოების გარანტიების არარსებობას ასახელებს.
ქართული მხარის ინფორმაციით, აჩაბეთში როტაციის შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული რუსული და ოსური მხარეები.