რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოში სამშვიდობოების შესახებ დადგენილება გააკრიტიკა

ვენაში 16 თებერვალს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ეუთოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ვლადიმერ ვორონკოვმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილება სამშვიდობოებზე “მიანიშნებს, რომ საქართველო შესაძლოა დაადგეს რეგიონის დესტაბილიზაციის გზას“.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ვლადიმერ ვორონკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საკითხს.


“პარლამენტის ეს გადაწყვეტილება [15 თებერვლის დადგენილება] ითვალისწინებს 1992 წლის სოჭის შეთანხმების [სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების ყოფნის კანონიერი საფუძვლის] გადახედვას. თუმცა, შეთანხმების გადახედვა შესაძლებელია მხოლოდ შეთანხმების მხარეთა მონაწილეობით. რუსეთმა ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას [ორმხრივი შეთანხმება რუსეთსა და საქართველოს შორის]. ცალმხრივად შესაძლებელია შეთანხმებიდან გამოსვლა“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


“საჭიროდ მიმაჩნია გავიმეორო, რომ რუსული მხარე განაგრძობს მოქმედებას თავისი საერთაშორისო ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად დაიცვას სტაბილურობა და უსაფრთხოება რეგიონში“, – დასძინა მან.


რუსმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოსკოვის პოზიცია, რომ ერთადერთი “ეფექტური მექანიზმი“ სამხრეთ ოსეთის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის არის შერეული საკონტროლო კომისია (შსკ).


“მოვუწოდებთ, ჩატარდეს შსკ–ს თანათავმჯდომარეების შეხვედრა კონფლიქტის მოგვარების შესახებ ერთობლივი სამოქმედო პროგრამის შეთანხმების მიზნით. საქართველოს პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის]  მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებული წინადადებები და [სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ] კოკოითის მიერ [2005 წლის დეკემბერში] გაჟღერებული ინიციატივები შესაძლოა ამის [ერთობლივი პროგრამის] საფუძველი გახდეს“, – აცხადებს რუსი დიპლომატი.


მან დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომ ე.წ. “ეუთოს მიერ მოწონებული სამშვიდობო გეგმა“ არ არსებობს.


ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეუთოს მინისტერიალმა ლუბლიანაში ერთხმად დაუჭირა მხარი  გასული წლის დეკემბერში გამართულ სამიტზე თბილისის სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე.    



 

Exit mobile version