მოსკოვში მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში, ქართული მხარისთვის ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამშვიდობო ძალები მისაღები იქნება, თუ დაცული იქნება “ნეიტრალიტეტი“.
მისი თქმით, რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლება შესაძლოა მოხდეს ეუთოს ფორმატით, ამ ორგანიზაციის წევრი იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც გამოთქვამენ ამ მიზნით დახმარების მზადყოფნას.
“მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ამ სამშვიდობო პროცესში წარმოადგენს მთავარ გარანტიას, რომ მანდატი იქნება შესრულებული…ამიტომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მზად იქნება მიიღოს მონაწილეობა [სამშვიდობო ოპერაციაში] და შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს, ჩვენთვის მისაღები იქნება“, –განაცხადა დღეს გიორგი ხაინდრავამ.
სახელმწიფო მინისტრი უკვე მეორე დღეა მოსკოვში იმყოფება, სადაც მოლაპარაკებებს მართავს რუსულ მხარესთან სამშვიდობოების საკითხებზე. მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება მოლაპარაკებები.