საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ დაკავებულია ოთხი პიროვნება, რომლებიც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის ძმის, ლევან კალაძის გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.
“16 იანვარს ლევან ცინცაძე დააპატიმრეს სანკტ-პეტერბურგში საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების მოთხოვნის საფუძველზე… 10 იანვარს დავით ასათიანი დააპატიმრეს შვეიცარიაში ასევე ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე. 17 თებერვალს მერაბ ამოსულაშვილი იქნა დაპატიმრებული ქართული პოლიციის მიერ [საქართველოში]… დღესვე დაპატიმრებული იქნა თემურ გაგიძე საფრანგეთში. ყველა ეს პიროვნება ეჭვმიტანილია 2001 წლის 29 მაისს ფულის გამოძალვის მიზნით ლევან კალაძის გატაცებაში. ისინი არიან ასევე ეჭვმიტანილები [ლევან კალაძის] მკვლელობაში“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვამი 7 იანვარს აღმოაჩინა და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული დნმ-ის ტესტის პასუხმა დაადასტურა, რომ ეს იყო ლევან კალაძის გვამი.
თუმცა სამართალდამცველთა განცხადებით, კალაძე მისი გატაცებიდან ერთ თვეში იქნა მოკლული.
გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, პირველად ლევან კალაძის გვამი 2001 წლის ივლისში იპოვეს, მაგრამ სამართალდამცავთა “დაუდევრობის” გამო მისი იდენტიფიკაცია არ მომხდარა. “გენერალური პროკურატურა დაუდევრობის ფაქტს ცალკე გამოიძიებს”, – დასძინა ადეიშვილმა.