რუსეთის სახმელეთო ჯარების მეთაურის მოადგილის ვალერი ევნევიჩის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში განლაგებული რუსი სამშვიდობოები გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდნენ, თუმცა მათი რაოდენობის ზრდა არ იგეგმება, იუწყება 17 თებერვალს “რია ნოვოსტი“.
“ერთადერთი, რაც ჩვენ შევცვალეთ – გავაძლიერეთ რეჟიმი, გავზარდეთ ყურადღება და სამხედროების მომზადება“, – აცხადებს ევნევიჩი და აქვე დასძენს, რომ სამშვიდობოები თავის მოვალეობას ასრულებენ იმის მიუხედავად, თუ რა სურს საქართველოს ხელისუფლებას.
“ეს ჩვენთვის აბსოლუტურად სულ ერთია. ჩვენ გვყავს [რუსეთის] პრეზიდენტი, პარლამენტი და თავდაცვის მინისტრი, რომელიც გვისახავს ამოცანებს“, – აცხადებს ევნევიჩი.
მისი თქმით, სამშვიდობოების მანდატს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეთანხმება განსაზღვრავს. “თუ ისინი უარს ამბობენ ადრე ხელმოწერილ შეთანხმებებზე, ჩემი აზრით, ეს ნონსენსია და შეიძლება განხილულ იქნას საერთაშორისო სამართლის დარღვევად“, – აცხადებს რუსი გენერალი.