იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ეროვნულ გვარდიას უხელმძღვანელებს

იმერეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი აკაკი ბობოხიძე ეროვნულ გვარდიას უხელმძღვანელებს.


ბობოხიძემ, რომელიც ამჟამად იმერეთში “ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურ ოფისს ხელმძღვანელობს, დაადასტურა 16 თებერვალს, რომ თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა მას ეს თანამდებობა შესთავაზა.


ბობოხიძე გუბერნატორის თანამდებობიდან 2005 წლის დეკემბერში მას შემდეგ გადადგა, რაც ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილთან ჩხუბი მოუვიდა.


ეროვნული გვარდიის მეთაურის თანამდებობა კი 26 იანვრიდან ვაკანტურია, მას შემდეგ რაც ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის მიერ ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ათი დღის შემდეგ. 


არაოფიციალური ინფორმაციით, თათუხაშვილის გადადგომის მიზეზი თავდაცვის მინისტრთან შეუთანხმებლობა გახდა.


აკაკი ბობოხიძე სამოქალაქო პირია. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი ეროვნული გვარდიის რეფორმირებას გეგმავს და ის ეროვნული გვარდიის დეპარტამენტად გადაკეთდება. თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.


ქართული მედია იტყობინება ირაკლი ოქრუაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ მას სჭირდება “კარგი მენეჯერი“ ამ თანამდებობაზე და ბობოხიძე ამისათვის კარგი არჩევანია.

Exit mobile version