რუსეთის შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურმა იური ბალუევსკიმ 16 თებერვალს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა “სამოქალაქო ომი“ განახლდეს, თუ რეგიონიდან რუსი სამშვიდობოები გავლენ.
“თუ ხვალ სამშვიდობოები გავლენ [სამხრეთ ოსეთიდან] ჩვენ შესაძლოა 1992 წლის მოვლენებს დავუბრუნდეთ – სამოქალაქო ომის განახლებას… რუსი სამშვიდობოების შესახებ გაკეთებული განცხადებები არაეფექტური და ტყუილია“, – განუცხადა ბალუევსკიმ ჟურნალისტებს, რუსული მედიის ცნობით.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოები სამხრეთ ოსეთში შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში იმყოფებიან, რომელშიც ასევე შედიან ქართველი და ოსი სამხედროები.
მან გააკრიტიკა ქართული სამშვიდობო ბატალიონი და მას “არაპროგნოზირებადი“ უწოდა.
“ქართული ბატალიონი ფაქტიურად არ ემორჩილება [შერეული სამშვიდობო ძალების] მეთაურს – რუს გენერალ მარატ კულახმეტოვს“, – დასძინა მან.