ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა, მოუწოდა საქართველოს მთავრობას “ზომიერი პასუხი“ გასცეს საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილებას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობოების შესახებ.
“ვადასტურებ რა ეუთოს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ვაღიარებ რა მისი პარლამენტის სუვერენულ უფლებას მიიღოს დადგენილება საქართველოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებზე, იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს მთავრობა გააზრებულ პასუხს გასცემს და მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან ჩატარდება უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა გუხტმა, ეუთოს პრეს-სამსახურის ცნობით.
მან ასევე მოუწოდა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს თავი შეიკავონ იმ ქმედებებისა და განცხადებებისგან, რამაც შესაძლოა დაძაბულობა გაზარდოს. მან იმედი გამოთქვა, რომ არსებული “რთული სიტუაცია აღარ გაუარესდება“.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ თავისი სპეციალური წარმომადგენელი, სენატორი პიერ შევალიე გამოაგზავნა საქართველოში 15 თებერვალს ვითარების შეფასების მიზნით.
“მე ინტერესით გავადევნებ თვალს 20 და 21 თებერვალს ვენაში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის შეხვედრას… იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა კონსტრუქციული იქნება და დადებით შედეგებს გამოიღებს“, – დასძინა გუხტმა.