ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა დღეს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.


შეხვედრებზე განიხილება 1992 წლის სოჭის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების განლაგება და რის გადახედვასაც მთავრობას პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილება ავალებს.


“გვინდა რუსეთთან ერთად განვახორციელოთ ის სამშვიდობო გეგმა, რაც ჩვენი ძირითადი ამოცანაა. თუ ჩვენ ამ თვალსაზრისით დავინახავთ [პოზიციების] თანხვედრას ხომ კარგი, თუ არა და არც ერთი ნაბიჯი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გადადგმული არ იქნება“, – განაცხადა მოსკოვში გამგზავრებამდე გიორგი ხაინდრავამ.


მისი ინფორმაციით, ასევე განიხილება  20-21 თებერვალს ვენაში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე განსახილველი საკითხები, სადაც ქართული მხარე  კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის დაწყების მიზნით კონკრეტული გეგმის წარდგენას აპირებს.

Exit mobile version