რუსეთის სათათბიროს დეპუტატთა ჯგუფი თბილისს სამდღიანი ვიზიტით 14 თებერვალს ეწვევა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარების განხილვის მიზნით, იტყობინება “რია ნოვოსტი“.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსი პარლამენტარების შეხვედრები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
15 თებერვალს რუსი პარლამენტარები ცხინვალში გაემგზავრებიან, რათა ადგილზე გაეცნონ კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას.
გასულ კვირას რუსეთის სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა საქართველო “სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის გამომწვევი მიზეზების ძებნაში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დეპუტატთან ჯგუფს მიავლენდა ადგილზე ვითარების გასაცნობად.