ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთსა და სამშვიდობოებზე საუბრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კვირას “რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პარლამენტი მიიღებს დადგენილებას რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისი არ წამოეგება იმ პროვოკაციებს, რომლებიც შესაძლოა მოყვეს პარლამენტის გადაწყვეტილების შესრულებას.


“ერთი რამ ნათელია, ჩემთვის და ბევრი იმ პარლამენტარისთვის, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ გადაწყვეტილებას და რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების შეჩერება, ეს პროცესი შეუქცევადია“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


“სხვა საკითხია, თუ როგორ მოხდება ამ გადაწყვეტილების რეალიზაცია. როდესაც ჩვენ ამაზე ვფიქრობთ და ამას ვაანალიზებთ, ბუნებრივია, ჩვენ ვითვალისწინებთ მოვლენების შესაძლო განვითარების ყველა ფაქტორს და სცენარს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ უნდა გავხდეთ მოთამაშეები სხვის თამაშში. ჩვენ თვითონ უნდა დავაწესოთ თამაშის წესები და ჩვენ უნდა შევთავაზოთ თამაშის ეს წესები“, – განაცხადა მან.


ინტერვიუში ოქრუაშვილმა ასევე ისაუბრა იმ შესაძლო სცენარებზე, რაც შესაძლოა სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე პარლამენტის მოთხოვნას მოყვეს. 


“გამორიცხული არ არის, რომ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები ძალაში შევა, რუსეთი იტყვის, რომ არ აპირებს რეგიონის დატოვებას და ამ ტიპის მესიჯები უკვე გაჩნდა, მე ვგულისხმობ რუსეთის საშუალო დონის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ დაიცავენ რეგიონში მცხოვრები მათი [რუსეთის] მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


“მაგრამ მე ასევე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთი, საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შესაძლოა შეეგუოს იმ აზრს, რომ მან უნდა დატოვონ რეგიონი და სამშვიდობოებმა შესძლოა მართლაც დატოვონ ფორმალურად რეგიონი. მაგრამ, მათ ასევე შესაძლოა თავიანთი ძალების ტრანსფორმაცია მოახდინონ უკანონო ოსურ შეიარაღებუოლ ჯგუფად“, – აღნიშნა მან.


“მე ასევე ვფიქრობ, რომ ამჟამად რუსეთი არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ გარისკოს და ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც მას ოკუპანტის როლში ჩააყენებს, განსაკუთრებით დიდი რვიანის სამიტის წინ“, – დასძინა ოქრუაშვილმა. 


მან ასევე გააკეთა კომენტარი ცოტა ხნის წინ ეუთოში აშშ-ის ელჩის მიერ გაჟღერებულ გაფრთხილებაზე, რომელმაც განაცხადა 9 თებერვალს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნას მათი ჩანაცვლების გარეშე შესაძლოა დესტაბილიზაცია მოყვეს.


“ჩვენ ხშირად ვიღებთ რჩევებს ჩვენი უცხოელი პარტნიორებისგან და არა მხოლოდ აშშ-სგან. და ჩვენ რჩევებს საკუთარ თავსაც ვაძლევთ: ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რაიმე სახის პროვოკაციაზე, რასაც შესაძლოა ისეთი დაძაბულობა მოყვეს, რომელიც დამღუპველი იქნება. ეს რჩევა შესაძლოა მოგვცენ არა მხოლოდ ამერიკელებმა, არამედ სააქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ“, – განაცხადა მინისტრმა.


ოქრუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად მის წინააღმდეგ გამოთქმული კრიტიკისა, რაც სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის მიმართ მკაცრ რიტორიკას უკავშირდება, იგი არასდროს მოიხსენიებს ედუარდ კოკოითს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, “როგორც პარტნიორს“.


“ის ჩვეულებრივი მატყუარაა… დაახლოებით რვა თვის წინ, რუსეთის ერთ-ერთმა სამართალდამცავმა სტრუქტურამ, მოგვიანებით მე შევძლებ იმ რუსი ოფიცრის დასახელებას, ვინც ამას კურირებდა, 9 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ცხინვალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის. ბუნებრივია, ეს თანხები, როგორც ბევრი სხვა ფულადი დახმარება, გაუჩინარდა. ორი კვირის თავზე, კოკოითმა შეიძინა ბინა 8,5 მილიონ აშშ დოლარად მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ რაიონში. ამრიგად, მარტივია დასკვნის გაკეთება: კოკოითიც კი ფიქრობს, რომ მისი დღეები [სამხრეთ ოსეთში] დათვლილია“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.


ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი “გაანეიტრალონ ის საფრთხე, რომელიც საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიებზე განლაგებული შეიარაღებული ჯგუფებიდან შეიძლება წამოვიდეს“.


“ის ჯავშანტექნიკა, რომელსაც ბოლო დღეებში კულახმეტოვი [შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური] წინ და უკან დაარბენინებდა, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო თვალსაზრისით“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.  
 

Exit mobile version