რუსი სამხედრო ოფიცრები გაათავისუფლეს

სამი რუსი სამხედრო ოფიცერი, რომლებიც ქართულმა სამხედრო პოლიციამ 8 თებერვალს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დააპატიმრა, დღეს გაათავისუფლეს.


ქართულმა მხარემ რუსი ოფიცრები ეუთოს მონიტორინგის მისიის დამკვირვებლებს გადასცა, რომლებმაც ისინი შერეული სამშვიდობო ძალების უახლოეს საგუშაგომდე მიაცილეს. ეუთოს დამკვირვებლებმა რუსი ოფიცრები კონფლიქტის ზონის ჩრდილოეთ საზღვრამდე მიაცილეს, საიდანაც ისინი ჩრდილოეთის მიმართულებით შერეულმა სამშვიდობო ძალებმა წაიყვანეს.  


ქართველმა სამართალდამცავებმა რუსი ოფიცრები ქართულ სოფელ ქურთაში საქართველოს ვიზების უქონლობის მოტივით დააკავეს.


9 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაწყებულია რუსი ოფიცრების დეპორტაციის პროცედურები, რადგანაც მათ პასპორტებიც არ აღმოაჩნდათ.


ამჟამად, შერეული სამშვიდობო ძალები იქნება პასუხისმგებელი მათ გამგზავრებაზე რუსეთში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საელჩო საქართველოში უზრუნველყოფს რუსი ოფიცრების მიერ ქვეყნის დატოვებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 10 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსმა ოფიცრებმა ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.


9 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სამი ოფიცრის დაკავების ფაქტი და მას “პროვოკაცია“ უწოდა.   


 



 

Exit mobile version