რუსეთის ელჩი გაეროში სამშვიდობოებზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის ელჩმა გაეროში ანდრეი დენისოვმა 9 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის გადაწყვეტილება “სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის რუსეთსაც“, რადგანაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეები არიან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასი“.


მისი თქმით, გადაწყვეტილება სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რომელსაც ჯერ არ გამოუხატავს თავისი პოზიცია.


პრეს-კონფერენციაზე დენისოვმა განაცხადა, რომ რუსეთი “პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.


რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი დაიცავს “უნივერსალურობის პრინციპს” კოსოვოს კონფლიქტის მოგვარებისას.


“ჩვენი პარტნიორები კოსოვოს შესახებ საკონტაქტო ჯგუფიდან [აშშ, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და იტალია] აცხადებენ, რომ კოსოვოს სტატუსთან დაკავშირებულმა სიტუაციამ არ უნდა შექმნას პრეცედენტი“, – განაცხადა დენისოვმა.


თუმცა, მისი თქმით, შეუძლებელი იქნება “აუხსნა მსგავსი სიტუაციების მქონე რეგიონების მაცხოვრებლებს, რომ ვითარება კოსოვოში განსხვავებულია“.   

Exit mobile version