ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 9 თებერვალს გააფრთხილა საქართველო, რომ თბილისის მოთხოვნას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე “მათი ჩანაცვლების გარეშე, შესაძლოა, დესტაბილიზაცია მოყვეს“.
აშშ-ს ეს რეაქცია წინ უსწრებს 15 თებერვალს დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენას, რომლის დროსაც ქართველმა კანონმდებლებმა სამხრეთ ოსეთში სამშვიდობოთა საქმიანობის საკითხი უნდა განიხილონ. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების უმეტესობა მიანიშნებს, რომ პარლამენტი რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე ახალ დადგენილებას დაუჭერს მხარს.
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა 9 თებერვალს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი სამშვიდობოებთან დაკავშირებით “უკან დახევას არ აპირებს“, მიუხედავად აშშ-ს პოზიციისა.
აშშ-ს ელჩმა ეუთოში ჯული ფინლიმ 9 თებერვალს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლაში განაცხადა, რომ საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს სამხრეთ ოსეთში განლაგებული სამშვიდობოების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
“ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს სუვერენული საქართველოს პარლამენტს სიფრთხილით მოეკიდოს შერეული სამშვიდობო ძალების ეფექტურობის საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ვეთანხმებით, და ეუთოს მოხსენებები ადასტურებენ, რომ შერეული სამშვიდობო ძალები უფრო ეფექტური უნდა იყოს. და მაინც, თხოვნამ სამშვიდობოთა გაყვანის თაობაზე მათი ჩანაცვლების გარეშე შესაძლოა დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
მან ასევე მოუწოდა თბილისს ხელი შეუწყოს თავისი კონტიგენტის შევსებას შერეულ სამშვიდობო ძალებში ბალანსის შესაქმნელად.
შერეული სამშვიდობო ძალების თითოეულ მხარეს – ქართულს, რუსულს და ოსურს – კონფლიქტის ზონაში მაქსიმუმ 500 სამხედროს განლაგების უფლება აქვს. თუმცა, საქართველოს ეს კვოტა შევსებული არ აქვს.
“ეს [შევსება] უნდა გაკეთდეს არსებული მექანიზმების ზუსტი დაცვით, სრული გამჭირვალობის პირობებში და არსებული შეთანხმებების შესაბამისად“, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე.
ეს “არსებული მექანიზმები“ ეხება ოთხმხრივ შერეულ საკონტროლო კომისიას, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს. ცოტა ხნის წინ თბილისი შეეცადა შეეცვალა ეს “უსამართლო“ სტრუქტურა, თუმცა რუსეთის წინააღმდეგობას წააწყდა.
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის განცხადებით, აშშ–ს ელჩის ჯული ფინლის მოწოდება იყო “მეგობრის ჩვეულებრივი დიპლომატიური ენა“.
“არ ღირს, რომ ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭოთ“, – განუცხადა კოტე გაბაშვილმა „სივილ ჯორჯიას“ 9 თებერვალს.
მისი თქმით, აშშ-მ საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდა სამშვიდობოებზე გადაწყვეტილების მიღებისას და საქართველო ითვალისწინებს ამ რჩევას.
“ამერიკელები მოგვიწოდებენ, რომ ვიყოთ ფრთხილად და არ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და არ წამოვეგოთ ისეთ პროვოკაციებზე, რომლის განვითარების შესაძლო სცენარები არსებობს“, – განუცხადა კოტე გაბაშვილმა “სივილ ჯორჯიას“.
“სამშვიდობოების გაყვანა 4 თვის წინ იმიტომაც არ მოვითხოვეთ, რომ სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს და გვსურს დეტალურად ავუხსნათ მსოფლიოს, თუ რატომ არ არის მათი ყოფნა კონფლიქტის ზონაში პროდუქტიული – ეს ხელს უშლის იმ სამშვიდობო გეგმის განვითარებას, რომლის მიმართაც ეუთომ და აშშ–მ სრული მხარდაჭერა გამოხატეს, მათ შორის დღევანდელ სხდომაზეც“, – აცხადებს 9 თებერვალს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები 13 თებერვალს, ისევე როგორც ეს დაგეგმილი იყო, იმსჯელებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების მიერ მანდატით დაკისრებული მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, ხოლო 15 თებერვალს პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ადგილობრივ პოლიტიკურ დამკვირვებელთა თქმით, აშშ-ს პოზიცია მოულოდნელი აღმოჩნდა ოფიციალური თბილისისთვის, რომელიც ახლა რთულ სიტუაციაშია, რადგანაც უარის თქმა რუსი სამშვიდობოების გაყვანაზე ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება. დამკვირვებელთა თქმით, თუ პარლამენტი უარს იტყვის კენჭი უყაროს სამშვიდობოების გაყვანას, ამას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოყვება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ საქართველოს მაღალჩინოსანთა განცხადებებით მათი გაყვანისათვის შესაფერისი ნიადაგი უკვე მომზადებულია.