ბადრი ბიწაძე ოთხი მესაზღვრის დაკავებას აპროტესტებს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მაღალჩინოსანი 8 თებერვალს ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთხი მესაზღვრის წინააღმდეგ საქმის “შეთითხნაში“ დაადანაშაულა.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და გენერალური ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედის.


გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი მესაზღვრე მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ აზერბაიჯანელი მოქალაქისგან სარფის საბაჟოს გადმოკვეთისას 100 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს. თუმცა მოგვიანებით ერთი მესაზღვრე გაათავისუფლეს.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ 9 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით მინდიაშვილმა, დასავლეთ საქართველს გენინსპექციის უფროსმა, შეთითხნა საქმე მესაზღვრეების წინააღმდეგ და უკანონოდ დააკავა ისინი.


“ამგვარი ქმედებები არაეფექტურია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავე დროს, ანტიკორუფციული კამპანიის დისკრედიტაციას ახდენს“, – განაცხადა ბადრი ბიწაძემ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ჯერ-ჯერობით საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.    

Exit mobile version